- ვიშეგრადის ჯგუფი
- ვიშეგრადის ოთხეული არაოფიციალური სახელია ცენტრალური ევროპის 4 პოსტკომუნისტური ქვეყნის: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი - გაერთიანებისა. თავდაპირველად ჯგუფს ვიშეგრადის ,,ტროიკა” ერქვა, ხოლო მას შემდეგ, რაც 1993 წელს ჩეხეთი და სლოვაკეთი ცალკე სახელმწიფოები გახდნენ, იგი ოთხეულად გადაიქცა. ჯგუფს სახელი დაერქვა ჩრდილოეთ უნგრული ქალაქის ვიშეგრადის სახელით, სადაც 1991 წლის 15 თებერვალს ერთმანეთს სამი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვდნენ: ჩეხოსლოვაკიის - ვაცლავ ჰაველი, უნგრეთის - არპად გიონზი და პოლონეთის - ლეჰ ვალენსა. ამ შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ევროპული ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე სამ ქვეყანას შორის (დღეს უკვე ოთხი) ახლო თანამშრომლობის შესახებ. კომუნისტური რეჟიმის მსხვრევის შემდეგ, მათი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო ტოტალიტარული რეჟიმიდან თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ საზოგადოებაზე გადასვლის გზაზე. ჯგუფის წევრი ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ და ერთი ცივილიზაციის ნაწილნი არიან. იზიარებენ საერთო კულტურულ და ინტელექტუალურ ღირებულებებს და საერთო რელიგიური ტრადიციები აქვთ. ოთხივე სახელმწიფოს სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება. ჯგუფის წევრების განცხადებით, მათი ჯგუფი არ არის საერთო ევროპული ინტეგრაციის ალტერნატივა და სხვა ცენტრალურ ევროპულ სტრუქტურებს არ უპირისპირდება. პირიქით, ჯგუფის მიზანია ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით უშუალო მეზობლებთან, მაქსიმალური თანამშრომლობა. ჯგუფს სურს წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში. ჯგუფის ყველა საქმიანობა მიმართულია ცენტრალური ევროპის რეგიონში სტაბილურობის გამყარებაზე და ევროკავშირში მათი გაწევრიანების პროცესის დააჩქარებაზე.Source: კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
Georgian encyclopedia. 2013.